კელი დეგნანის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბარი სისულელედ მიაჩნია. ის ამბობს, რომ თუ საქართველო უკრაინულ ხარვეზებიან კანონს მიიღებს, ეს მმართველი გუნდისთვის მარტივი გამოსავალი იქნება.
ელისაშვილი “ქართული ოცნების” მხრიდან ამერიკის ელჩის კრიტიკას ქვეყნის დაზიანების მცდელობად აფასებს და განმარტავს, რომ კელი დეგნანი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მიერ დანიშნული ელჩია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებს წარმოადგენს.
საწინააღმდეგო აზრზეა ნინო წილოსანი. ქართული ოცნების დეპუტატი აცხადებს, რომ კელი დეგნანი რევოლუციურ სცენარებს უნდა გაემიჯნოს. მისი მტკიცებით, მმართველი გუნდი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერით მიიღებს, თუმცა მათი ერთადერთი მიზანი პროცესის დისკრედიტაციაა.