"დღიური" ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის, ნიკოლას სპარქსის რომანია.წიგნი 1996 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში,გ ამომცემლობა Warner Books-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნის მოვლენები 1940 წელს სამხრეთ კაროლინაში ორი ახალგაზრდა გმირის ნოა კალჰუნისა და ელი ჰამილტონის ირგვლივ ვითარდება. მეორე მსოფლიო ომიდან ახალ დაბრუნებული ნოა თავის პლანტაციებს უვლის, გრძელი და ერთფეროვანი დღეები წლების წინანდელი თავგადასავლის გახსენებაში გაჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან 14 წელი გავიდა, მამაკაცს არ ტოვებს საყვარელი ქალის სახე, რომლის დაკარგვის შემდეგაც მასზე მოგონებებით აგრძელებს ცხოვრებას.
ნოას ცხოვრებაში ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება, მისი საყვარელი ქალი, ელი გადაწყვეტს მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას და ნოასთან სტუმრობას, რის შემდეგაც მათ ურთიერთობაში ყველაფერი იცვლება და იწყება ახალი ეტაპი, სადაც მათ მოუწევთ ბრძოლა სიყვარულისთვის და მრავალი დაბრკოლებების გადალახვა ერთად ყოფნისთვის.
მწერალს რომანის დაწერა მისი მეუღლის ბებიის და ბაბუის ისტორიამ შთააგონა, რომლებიც 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები. მისი თქმით, რომანით „დღიური“ ის ცდილობდა ამ წყვილის ხანგრძლივი რომანტიული სიყვარულის გამოხატვას.
ნიკოლას სპარქსი 1965 წლის 31 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნებრასკაში დაიბადა. მწერალმა წერა დედის მოწოდებით დაიწყო. მწერალმა პირველი რომანი 1985 წელს დაწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ვერ შეძლო.
კოლეჯის დამთავრების შემდეგ სპარქსმა სამსახურის დაწყება გამომცემლობებში და იურიდიულ ფირმაში სცადა, თუმცა ორივე შემთხვევაში უარი მიიღო, რის შემდეგაც მან 3 წელი სხვა და სხვა სფეროში მუშაობაში გაატარა.1994 წელს, ფარმაცევტულ გაყიდვებში მუშაობისას, სპარკსმა თავისუფალ დროს მუშაობა დაიწყო რომანზე “დღიური“ და 6 თვეში დაასრულა წერა. 1995 წელს რომანი აღმოაჩინა ლიტერატურულმა აგენტმა ტერეზა პარკმა, რომლიც მოიხიბლა რომანით და მწერალს შესთავაზა მისი წარმომადგენლობა. 1996 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულმა რომანმა “დღიური“ მალევე მოიპოვა პოპულარობა. ის The New York Times-ის ბესტსელერების სიაში შევიდა გამოსვლის პირველ კვირაში და საბოლოოდ იქ ორმოცდათექვსმეტი კვირა გაატარა.
მწერალმა ჯამში ოცდაორი რომანი და ორი არამხატვრული წიგნი გამოაქვეყნა, მისი წიგნები ნათარგმნია მსოფლიოს 50-ზე მეტ ენაზე და გაყიდულია 115 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი.
2004 წელს წიგნის მიხედვით ტელეეკრანებზე გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი უცვლელი სახელწოდებით, რომელშიც მთავარ როლებს რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი ასრულებენ.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა "პალიტრა ელის" მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელსა და "პალიტრა ელის" ვებგვერდზე Palitral.ge