საბერძნეთში ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სამმართველო ათონის მთის მონასტრების, ასევე ცალკეული ბერების საბანკო ანგარიშებზე მნიშვნელოვანი თანხის საეჭვო გადარიცხვის 20 შემთხვევას იძიებს. ინფორმაციას ადგილობრივი ყოველდღიური გამოცემა Kathimerini წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, საგამოძიებო საქმეების უმეტესი ნაწილი რუსეთიდან შესულ ფულს ეხება. ამასთან, Kathimerini წერს, რომ ათონის მთის მონასტრები სულ ახლახანს რუსეთის მაღალჩინოსნებმა მოინახულეს. ტრანსფერები ათობით ათასიდან ასი ათას ევრომდე, ხოლო ერთ შემთხვევაში მილიონზე მეტ თანხას მოიცავს.
გამოძიების სამუშაო ვერსიის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებს ფული საზღვარგარეთ გადააქვთ, რომ ეკონომიკური კოლაფსისგან ან რუსეთის მთავრობის მიერ შესაძლო მითვისებისგან დაიცვან, რადგან რუსეთის ეკონომიკის ბედი სანქციების პირობებში მეტად გაურკვეველია.