ავსტრალიელი რეჟისორის, ენდრიუ დომინიკის, ბიოგრაფიული ფილმი Blonde, რომელიც მერილინ მონროს ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კინოსურათია. მე-20 საუკუნის ჰოლივუდის ვარსკვლავის შესახებ შექმნილი დრამატული ნამუშევარი ნეტფლიქსზე გამოშვებისთანავე ყველაზე პოპულარულიფილმი გახდა, ვენეციის კინოფესტივალზე ჩვენების დამთავრების შემდეგ კი დარბაზი 14 წუთის განმავლობაში ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს.
თუმცა, ბევრი კრიტიკოსი და მაყურებელი Blonde-ით აღფრთოვანებას არ იზიარებს. მეტიც, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ფილმი, სადაც მთავარ როლს წარმოშობით კუბელი ანა დე არმასი ასრულებს, "სექსისტური" და "საძაგელი" ნამუშევარია.
იმის გათვალისწინებით, რომ მერილინ მონროს ცხოვრების 36 წლის განმავლობაში უამრავი დამცირებისა და საშინელების ატანა მოუხდა, შვებისმომგვრელია, რომ უახლესი ნეკროფილური გასართობისა და მისი ექსპლუატატორი ფილმის, Blonde-ის ვულგარულობას არ მოესწრო", — წერს The New York Times-ის კინოკრიტიკოსი, მანოლა დარგისი.
დომინიკის ფილმი ამერიკელი მწერლის, ჯოის ქეროლ ოუტსის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება და ჰოლივუდის ლეგენდის ცხოვრებასა და კარიერაში მომხდარ ტრაგიკულ ამბებს ასახავს; მათ შორის, დედის მხრიდან ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას კინოინდუსტრიაში. მართალია, ანა დე არმასის შესრულებულმა როლმა მოწონება დაიმსახურა, თუმცა, ფილმი თემების არასწორად ასახვისთვის კიდევ ბევრმა გააკრიტიკა.
The Los Angeles Times-ის კინოკრიტიკოსი ჯასტინ ჩენგი ასევე ამატებს, რომ "ფილმი მერილინ მონროზე კი არაა, მის დატანჯვაზეა"
The New Yorker-ის მიმომხილველი რიჩარდ ბროდი კი ამბობს, რომ Blonde მერილინ მონროსთვის ქრისტეს ვნებანია.
"ფილმის ერთადერთი აზრი ისაა, რომ მონრო მსხვერპლი იყო და მისი გამუდმებით მსხვერპლად ქცევით ბედნიერიცაა" - ცნობილი მოდელი ემილი რატაკოვსკი წერს .
"შეხედეთ ემი ვაინჰაუსს, ბრიტნი სპირსს, შეხედეთ, როგორ ვართ შეპყრობილები პრინცესა დაიანას სიკვდილით", — ამატებს მსახიობი და აღნიშნავს, რომ სერიული მკვლელების ისტორიებით გატაცება და მათზე გადაღებული ფილმებიც სწორედ ამას მოწმობს.