რუსეთის საავტომობილო ბაზრის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში ავტომობილების სათადარიგო ნაწილები მნიშვნელოვნად გაძვირდა, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ დეფიციტურია.
მათი ცნობით, რუსეთში დეფიციტური გახდა საქარე მინები, ძარას დეტალები, ძრავები, ზეთის და საწვავის ფილტრები. ამასთან, მათი ნაწილის შეტანა ქვეყანაში პარალელური იმპორტითაც კი შეუძლებელია. ამის გამო რუსები ავტომფლობელებს სთავაზობენ არა ახალი დეტალებით ავტომობილის შეკეთებას, არამედ მეორადი ავტომობილების გამოცვლილი დეტალებით, რომლებიც ასევე 15%-ით გაძვირდა.
რუსეთში სათადარიგო ნაწილების ფასები იანვრის შემდეგ ბრენდის მიხედვით 35-65%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ტენდენცია განპირობებულია რუსეთიდან ევროპელი მწარმოებლების გასვლით, ვალუტის კურსის რყევითა და გართულებული ლოჯისტიკით.