ყალბი ფულის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ტერიტორიაზე, ახალი რეგულაცია დაამტკიცა. რეგულაცია ვრცელდება როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაზე და მისი შესრულება სავალდებულოა როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ისე სავაჭრო, პროდუქციის მიმწოდებელი და მომსახურების გამწევი სხვა პირებისთვის, ნაღდი ფულით ანგარიშსწორების, დახურდავების, გამოცვლის, სხვა ვალუტაზე გაცვლის ან შემოწმებისას.
კერძოდ, აღნიშნული პირები ვალდებული არიან, ნაღდი ფულის მიღება-გაცემის ოპერაციებზე, მხოლოდ ფულის ნიშნების დამცავი მექანიზმების მცოდნე პირთა დაშვება და ამ მიმართულებით, მათი პერიოდული გადამზადება უზრუნველყონ.
რაც შეეხება მომსახურების გამწევ ნებისმიერ სხვა პირს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან, ანგარიშსწორების პროცესში წარმომდგენს განუმარტონ, რომ ფულის ნიშანი შესაძლებელია იყოს ყალბი და სათანადო რეაგირების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის საშუალებით გამოიძახოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი.