აზარტული თამაშების ბრუნვა რეკორდულად იზრდება. 2021 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 48 მლრდ ლარს მიაღწია. ეს კი 2020 წლის მონაცემებთან შედარებით 15 მლრდ ლარით მეტია. გასულ წელს სათამაში ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 32%-მდე გაიზარდა. ცნობისათვის, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 28% იყო, 2019 წელს კი 23%.როგორც ამ რიცხვებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წელს აზარტულ ბიზნესში სულ 10 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, საშუალო ხელფასი 1 880 ლარს შეადგენდა.
ამასთან, შარშან ამ სექტორში 93 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. "ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელ კომპანიებს აქვთ ბრუნვის ყველაზე დიდი მოცულობა ქვეყანაში.
საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბრუნვის მიხედვით, 10 ყველაზე დიდ კომპანიას შორის 6 სწორედ აზარტული სათამაშო ბიზნესია.