რუსეთი გვარდიის ნაწილების ციმბირიდან და კონტიგენტის სირიიდან უკრაინაში გადაყვანას გეგმავს მაშინ, როცა მობილიზებული ოკუპანტები თვითნებურად ტოვებენ პოზიციებს და ალკოჰოლს მოიხმარენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ციმბირის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დისლოცირებული რუსული გვარდიის ნაწილებისა და სირიაში დისლოცირებული რუსული კონტინგენტის უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების არეალში გადასროლა“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, მე-3 არმიის კორპუსის ქვედანაყოფები, რომლებიც ახლახან ჩამოაყალიბეს და უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, ვერ ახერხებენ დასახული ამოცანების ეფექტურად შესრულებას.
„მოძველებული და გამოუსადეგარი იარაღი და სამხედრო ტექნიკა, პოზიციების უნებართვო მიტოვება და პერსონალის მიერ საბრძოლო დავალების შესრულებაზე უარის თქმა, ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, სამხედრო დისციპლინის სისტემატური დარღვევა წარმოადგენს მტრის აღნიშნული სამხედრო ნაწილების დემორალიზაციის ძირითად მიზეზებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.