უკრაინის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ განაცხადებაზე ხელმოწერას ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. კითხვაზე “საქართველომ, უკრაინის მსგავსად, უნდა შეიტანოს თუ არა განაცხადი ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე” ოპოზიციის პასუხი ცალსახაა.
დავით უსუფაშვილი ნატოში ინტეგრაციას ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობითა და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში საკუთარი წვლილის შეტანით დაამტკიცოს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას იმსახურებს.
მის აზრს იზიარებს ნათია მეზვრიშვილიც. ის აღნიშნავს, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს უპირობო მიზანია, თუმცა როდესაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოებასა და ევროპულ მომავალს ეხება “ქართული ოცნება” არაადეკვატურ და მავნებლურ განცხადებებს აკეთებს. პარტია “საქართველოსთვის” წევრი მიიჩნევს, რომ ახლა მმართველმა გუნდმა უნდა გაიაზროს ის შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აქვს.