მომავალი წლიდან საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და მანდატურების ხელფასი 125 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 978 600 000 ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 293,7 მლნ ლარით აღემატება.
მათ შორის სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამაზე მიემართება - 1 293 400 000 ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 136 მლნ ლარით. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატის და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით.
პროფესიული განათლების პროგრამაზე - 87,4 მლნ ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე;
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ასევე, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში დასაქმებულთა ხელფასების 10%-იანი ზრდა.