მოვუწოდებ უმრავლესობას, ერთობლივად შევიმუშაოთ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი - უმრავლესობის მიერ კანონპროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, ჩვენც ჩვენეულ ვერსიას წარვადგენთ, ვიმედოვნებ, შეჯერება მოხდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი შეფასებით, უკრაინული ვერსიის კოპირება სწორი არ არის და „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ ქართული ვერსია უნდა დაიწეროს, რომელიც ქართულ რეალობას შეესაბამება, სხვა შემთხვევაში, ბეჟაშვილის შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილება იქნება საკანონმდებლო თვალთმაქცობა.
„უკრაინის მოდელი აბსოლუტურად სხვა პოლიტიკურ ვითარებას შეეხება. იქ არჩეული დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავთ და არც პრეზიდენტი და არც პარლამენტი ოლიგარქიული გავლენის ქვეშ არ არიან, ბუნებრივია, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მათი ვერსია მოწონებული იქნებოდა ევროპული სტრუქტურების მხრიდან, მაგრამ საქართველოს რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და საკანონმდებლო რეგულირება სჭირდება იმ ვითარებას, რაც საქართველოშია. ოლიგარქი ჩვენ გვყავს, ოლიგარქიული გავლენის ქვეშ მყოფი პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია და რომლის დამფუძნებელია ოლიგარქი. სახეზე არის ყველა ნიშანი ოლიგარქიული მმართველობის, სახელმწიფო მიტაცებულია და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დასკვნაშიც ეს ასახულია. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავწეროთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ქართული ვერსია, რომელიც თანამედროვე ქართულ რეალობას შეესაბამება, სხვა შემთხვევაში შემოთავაზებული ცვლილება იქნება საკანონმდებლო თვალთმაქცობა.
ამიტომ მოვუწოდებ უმრავლესობას, ერთობლივად შევიმუშაოთ ეს კანონპროექტი, ჩვენ პიროვნებებზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება და უნდა ავსახოთ ის ვითარება, რომელიც არსებობს, პრევენციული კანონპროექტი უნდა შევქმნათ. საპარლამენტო ოპოზიცია მუშაობდა ანტიოლიგარქიული კანონის თავის ვერსიაზე, ბუნებრივია, აზრთა სხვაობები არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან მიმდინარეობდა კონსულტაციები, უმრავლესობის მიერ კანონპროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, ჩვენც ჩვენეულ ვერსიას წარვუდგენთ პარლამენტს და ვიმედოვნებ, რომ ამ ორი ვერსიის შეჯერება მოხდება,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.