საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების ოფისის დირექტორის პირველ მოადგილეს ერიკ პიტერსონს შეხვდა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს, რომელთა მიზანიც როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერება, ეფექტიანი საქმიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებულ შტატების მნიშვნელოვან წვლილს პროკურატურის სისტემის განვითარების პროცესში.
საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით და მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურაში ბევრი წარმატებული პროექტი ხორციელდება, მათ შორის - თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ტრანსნაციონალური და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მხარდაჭერის მიმართულებით და სხვა.