დღევანდელ გადაცემაში თქვენს ყურადღებას საკერავი მანქანის ყველაზე ცნობილ ბრენდზე შევაჩერებ, რომლის ფეხისა თუ ხელის საკერავი მოწყობილობა ჩვენი ოჯახების ფუფუნების ნივთადაც კი ითვლებოდა. წინა საუკუნეში იმისთანებისთვის მზითვის მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო დღესდღეობით კი მისით დაინტერესება უმეტესწილად ამ საქმით გატაცებული ადამიანების სურვილით ხდება, რაც ინდუსტრიალიზაციის შედეგია. სწორედ ხელით სამკერვალო სამუშაოების რაოდენობის შესამცირებლად, ქსოვილისა და საკერავი ძაფის დახმარებით სხვადასხვა სახის ტანსაცმლის შესაკერად სპეციალური მექანიზმი გამოიგონეს. 1790 წლიდან მოყოლებული არაერთი ადამიანი იყო ჩართული კერვის პროცესის გასაადვილებელი საშუალების შექმნაში, თუმცა საკერავ მანქანებზე მკაფიოდ გამოხატულ ხარისხისა და ბრენდის იდენტიფიკატორად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი - ზინგერი გახლავთ - ისაააკ მერიტ ზინგერის მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომელმაც დროსთან ერთად კომპანიის სახეც მიიღო.
პირველი მექანიკური მოწყობილობა ჩარლზ ფრედრიკ ვისენტალმა, გერმანული წარმოშობის ინჟინერმა წარმოადგინა 1755 წელს ინგლისში. ეს იყო მომავალი საკერავი მანქანის პირველი ვერსია. უკვე 1790 წელს თომას სენტის მიერ შემუშავებული მანქანის დიზაინიც გამოჩნდა რომელიც განკუთვნილი იყო ტყავისა და ტილოს მასალაზე სამუშაოდ. ის კარგი დურგალი გახლდათ, ამიტომ მისი მოწყობილობა შეიცავდა ბევრ პრაქტიკულად ფუნქციურ მახასიათებელს: გამოწეულ სახელურს, მოკლე სიგრძის ტყავის დასამუშავებელ მექანიზმს, ვერტიკალური ნემსს და მარყუჟს. კერვის დროს ქსოვილში ერთი ძაფის მეშვეობით მარტივი გვირისტის გაკეთება იყო შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ იმ ეპოქისთვის მისი მანქანა ინოვაცია გახლდათ კონცეფცია გაუმჯობესებას საჭიროებდა, რაც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში კიდეც განხორციელდა, სანამ ის უნივერსალურ ვერსიად იქცეოდა. 1804 წელს საკერავი მანქანა კიდევ ერთი ვერსია ინგლისელებმა თომას სტოუნმა და ჯეიმს ჰენდერსონმაც წარმოადგინეს, მოგვიანებით კი ჯონ დანკანმა შოტლანდიაში საქარგავი ხელსაწყოც შექმნა, რამაც ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაადვილა წარმოება. პირველი მანქანა, რომელმაც გააერთიანა წინა ნახევარსაუკუნოვანი ინოვაციების ყველა განსხვავებული ელემენტი თანამედროვე სამკერვალო მანქანაში, იყო მოწყობილობა, რომელიც კვლავ ინგლისელმა გამომგონებელმა ჯონ ფიშერმა 1844 წელს წარმოადგინა, ცოტა უფრო ადრე, ვიდრე ისააკ მერიტ ზინგერის მიერ 1851 წელს შექმნილი საკერავი მოწყობილობა გამოჩნდებოდა.
კომპანია Singer-მა თავისი მანქანების საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვა დაიწყო 1855 წელს მოიპოვა პირველი პრიზი პარიზის მსოფლიო გამოფენაზე. წარმოადგინა პირველი სამუშაო ელექტრო სამკერვალო მანქანა ფილადელფიის ელექტრო გამოფენაზე 1889 წელს და დაიწყო შიდა ელექტრო მანქანების მასობრივი წარმოება 1910 წლიდან. უნდა აღინიშნოს ისიც რომ ზინგერი მარკეტინგის ნოვატორი იყო და განვადებით გადახდის გეგმების გამოყენების ხელშეწყობაშიც პიონერი. 1867 წელს კომპანია Singer-მა გადაწყვიტა, რომ მოთხოვნა მათ სამკერვალო მანქანებზე გაერთიანებულ სამეფოში საკმარისად მაღალი იყო იმისათვის, რომ გაეხსნა ადგილობრივი ქარხანა გლაზგოში. ბრენდის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯ როს მაკკენზიმ გლაზგო აირჩია მისი რკინის დამზადების მრეწველობის, იაფი მუშახელისა და გადაზიდვის შესაძლებლობების გამო. სამკერვალო მანქანებზე მოთხოვნამ გადააჭარბა ახალ ქარხანაში წარმოებას და 1873 წლისთვის ახალი უფრო დიდი ქარხანა დასრულდა. იმ დროისთვის ზინგერს შოტლანდიაში 2000-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. 21 საუკუნეში ტანსაცმლის წარმოება იმდენად დიდი ინდუსტრიაა, შესაბამისი დანადგარების გარეშე ამის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც საშუალებას იძლევა ესა თუ ის დავალება ხარისხიანად და სწრაფად შესრულდეს. დღეისათვის საკერავი მანქანების ბრენდების ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ არჩევანის გაკეთება, მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მანქანების დეტალებს - მათი ფუნქციები, ხარისხი და შესაძლებლობები დღემდე ვითარდება.