ლელო სარასენსი დიდი 10-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში ხვამლს ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში 29:27 მოახერხა მეტოქის დამარცხება. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მატჩის მესამე წუთზე გაგა ქევხიშვილმა ლელო დადო. 13 წუთში თავის გამოჩენა უკვე დიმიტრი კიკნაძემ მოახერხა. ორივე შემთხვევაში არეკნი ზუსტად შეასრულა ირაკლი ყიასაშვილმა. 25-ე წუთზე ეფექტური გაქცევის შემდეგ ხვამლის მე-11 ნომერმა გიორგი ჯობავამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა ტაიმის მიწურულს რატი ჟორჟოლიანის ლელოს შემდეგ უპირატესობა კვლავ გაიზარდა.
მეორე ნახევარის სტარტზე უპირატესობას ხვამლი დაეუფლა და ლელოთი თავი კვლავ გიორგი ჯობავამ გამოიჩინა. ამის შემდეგ მასპინძლებს არაერთი მომენტი შეექმნათ, თუმცა ლელოს დადება ვერ მოახერხეს. ამ ყველაფრით ისარგებლა ნიკა ბაბუნაშვილმა და 62-ე წუთზე თავისი გუნდის სასარგებლოდ კიდევ ერთი ლელო დადო. 9 წუთში დიმიტრი კიკნაძემ ლელო სარასენსის უპირატესობა გაამტკიცა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ხვამლმა კვლავ შეძლო ლელოს დადება, შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ანგარიში 27:29 გახდა. ამ გამარჯვების შემდეგ ლელო პირველ ადგილზეა.