1-ელ ოქტომბერს, კვენტინ ტარანტინოს ფილმების ხმის მთავარი დიზაინერი, უაილი სთეითმენი ქართული კინოინდუსტურიის წარმომადგენლებს შეხვდება და მოხსენებით გამოვა.
უაილი სთეითმენი თბილისში ხმის პოსტ-პროდუქციისა და მუსიკის კომპანია POSTRED-ის მოწვევით ჩამოვიდა. ვიზიტი უკავშირდება კომპანიის მიერ, The USAID Industry-Led Skills Development Program-ის ფარგლებში დაარსებული POSTRED Academy-ს გახსნას, რომელიც სტუდენტებს შეასწავლის ხმის დიზაინსა და მუსიკას ვიზუალური მედიისთვის.კვენტინ ტარანტინოს ფილმების გარდა, უაილი სთეითმენს უმუშავია ისეთ ლეგენდარულ ფილმებზე, როგორებიცაა: „მარტო სახლში“, „გეიშას მოგონებები“, „შრეკი“, „ალექსანდრე“ და მრავალი სხვა.
უაილი სთეითმენი ცხრაჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“ და მიღებული აქვს „ემის“ ჯილდო სერიალისთვის „დედოფლის გამბიტი“.
უაილი სთეითმენი ვიზიტის დროს შეხვდება საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორ, კახა სიხარულიძეს, USAID-ისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს, ასევე „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს.
„მისი სტუმრობის მიზანია, მხარი დაუჭიროს POSTRED-სა და POSTRED Academy-ს და განავითაროს აუდიო პოსტ-პროდუქციის სერვისების ბიზნესი საქართველოში. POSTRED-ი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჰოლივუდშიც ცნობილი ხმის პოსტ-პროდუქციისა და მუსიკის კომპანიაა, რომელსაც უმუშავია შემდეგ პროექტებზე: Paramount Pictures-ის SCREAM, HBO-ს 16 „ემიზე“ ნომინირებული „ეიფორია“, A24-ის C’mon, C’mon ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით და ა.შ. ასევე, ქართულ ფილმებზე: ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“, დიტო ცინცაძის „შინდისი“ და სხვ.“, - აღნიშნულია POSTRED-ის განცხადებაში.
სტუმრობის ფინანსური მხარდამჭერები არიან USAID-ი, აშშ-ს საელჩო საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.