საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი სექტემბრისათვის 41.76 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 3 მლრდ ლარით, ანუ 7.74%-ით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტების 777.43 მლნ ლარით ანუ 4.99%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 2.22 მლრდ ლარით ანუ 9.58%-ით გაიზარდა.
ამასთან, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 41.91 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 1.18 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
სებ-ის მონაცემებით, აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.13% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.28%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.05%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.21%, ხოლო ევროს წილმა 16.39% შეადგინა.