სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 96,68% ანუ 962 ხმა მოიპოვა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
ამასთან, ცნობილია, რომ წინასწარი შედეგებით, „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის“ კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ, არჩევნებში ხმათა მხოლოდ 3,32% ანუ 33 ხმა მიიღო.
„კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი წარმატებით განხორციელდა. სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებამ მოგვცა შესაძლებლობა, კენჭისყრის დასრულებიდან უმოკლეს დროში წარმოგიდგინოთ პირველადი წინასწარი შედეგები. ხმის დათვლის ელექტრონული აპარატებიდან წინასწარი შედეგების ამსახველი ამონაწერები საარჩევნო უბნებზე შესაბიმისი პროცედურების განხორციელების დასრულებისთანავე ამოიბეჭდა. ამონაწერის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 021 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44,26%-ია. ხმების 3,32% - 33 ხმა მიიღო „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის“ კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ. ხმების 96,68% - 962 ხმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა მიიღო“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ახლა მიმდინარეობს ტრადიციული მეთოდით ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოგადაღება.
"მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიას, დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვრდზე. ხმის დათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა კი აიტვირთება „გუგლ დრაივის“ პლატფორმაზე. კენჭისყრის დღე წარმატებით, კანონმდებლობის შესაბამისად დასრულდა. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ამომრჩევლებს აქტიურობისთვის, ასევე, მადლობას ვუხდით ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.