ბულგარეთისა და საბერძნეთის დამაკავშირებელი გაზსადენი ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლებას” უკრაინული ოფისი ავრცელებს.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაზსადენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაე ჩუკე, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი.
„ეს მილსადენი ევროპაში ენერგეტიკულ უსაფრთოებასთან დაკავშირებულ სიტუაციას ცვლის. ეს პროექტი თავისუფლებას ნიშნავს”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნის ცერემონიაზე.
მან ასევე გამოთქვა აზრი, რომ გაზსადენი ევროკავშირის წევრებსა და სხვა ქვეყნებზე მოსკოვის ზეწოლის შესაძლებლობას შეამცირებს. ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გავლენის მიუხედავად, მსგავსი პროექტების მეშვეობით ევროპას ზამთრისთვის საკმარისი ბუნებრივი აირი ექნება.
“აზერბაიჯანიდან ბულგარეთში ბუნებრივი აირის მიწოდებები ბოლოს მოუღებს რუსული გაზის ძლიერ ზეწოლას რეგიონზე”, - აღნიშნა საბერძნეთის პრემიერმა მიცოტაკისმა.
ინფორმაციისთვის, 182 კილომეტრის სიგრძის მილსადენი ტრანსადრიატიკულ გაზსადენს უერთდება, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიწოდება ხდება. პირველი პერიოდისთვის იგეგმება წელიწადში 3 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის მიწოდება, რომელიც შემდგომ 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე შეიძლება გაიზარდოს.