აშშ-ის ფლორიდის შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი იანი დაარტყდა თავს.
აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 235 კმ/სთ-ს მიაღწია. სტიქიის გამო 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
შტატში ათობით თავშესაფარი შეიქმნა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 2.5 მილიონი ადამიანის სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა.
გუბერნატორმა რონ დესანტისმა განაცხადა, რომ ფლორიდას ქარიშხლის შედეგებთან გამკლავებაში მინიმუმ 26 შტატი ეხმარება.
ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ დასავლეთ სანაპიროზე ქარიშხალი შესუსტებას იწყებს, თუმცა წყლის დონე ჯერ კიდევ მაღალია და დაკლებას გარკვეული დრო დასჭირდება. ცენტრი საზოგადოებას მოსალოდნელი ძლიერი წვიმის შესახებაც აფრთხილებს.
„ფართოდ გავრცელებული, სიცოცხლისთვის საშიში კატასტროფული წყალდიდობა ამაღამ ცენტრალური ფლორიდის ნაწილებში გაგრძელდება. მნიშვნელოვანი წყალდიდობაა მოსალოდნელი ჩრდილოეთ ფლორიდაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჯორჯიასა და სამხრეთ კაროლინას აღმოსავლეთ ნაწილში“, - აცხადებენ აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში.