რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი გენერალური დირექტორი რუსულმა პატრულმა დააკავა, - ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო უწყება „ენერგოატომი“ ავრცელებს.
კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იჰორ მურაშოვი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურიდან ქალაქ ენერგოდარში მიემართებოდა. მურაშოვი ავტომობილიდან გადაიყვანეს და თვალახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსული ძალები აკონტროლებენ. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ტერიტორიას ოკუპანტები ხშირად ბომბავენ. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს.