„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა "ვისოლ ჯგუფმა" იყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია "საზოგადოებრივ მაუწყებელს" თავად ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ დაუდასტურა.
მისივე თქმით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობა, საცხოვრებელი ბინების მშენებლობის მიზეზით შეისყიდეს. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება, რომ ტერიტორიაზე საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა განვითარდეს.
შეგახსენებთ, რომ ქონების გაყიდვის მიზნით აუქციონი დასრულდა. კოსტავას 68 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები 65.1 მლნ ლარად გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ ქონების საწყისი ღირებულება შეადგენდა 65 000 000 ლარს, დღგ-ს გარეშე. დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება - 76 700 000 ლარი გადახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა; 20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა; 7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა და 7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.
აუქციონი, მერვედ 2022 წლის 1-ელ სექტემბერს გამოცხადდა და 30 სექტემბერს დასრულდა.