შოთა არველაძე ინგლისის საფეხბურთო კლუბ „ჰალ სიტის“ მწვრთნელი აღარ იქნება. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სანაკრებო შესვენების დროს არველაძესთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომლითაც გაირკვა, რომ მათი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
„ჰალ სიტის” შეუძლია დაადასტუროს, რომ ჩვენ დავშორდით მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს. არველაძე გუნდში იანვარში დაინიშნა და „ვეფხვებს“ „ჩემპიონშიფში” ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.
ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე პიტერ ვან დერ ვენი დაუყოვნებლივ დატოვებს კლუბს. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის როლს გუნდში ენდი დოუსონი დაიკავებს.
სანაკრებო შესვენების დროს შოთასთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, რომელზეც განვიხილეთ გუნდის მიმართულება და კლუბის მომავალი. ამ შეხვედრების დროს გაირკვა, რომ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავშორდეთ ერთმანეთს.
შოთა და პიტერი ჩვენი უდიდესი პატივისცემით, მადლიერებითა და კეთილი სურვილებით ტოვებენ გუნდს. ახლა ჩვენ ორიენტირებული ვართ ენდის და მთელი გუნდის მხარდაჭერაზე და საუკეთესო კანდიდატის პოვნაზე, რომელიც ამ კლუბს წინ წაიყვანს. გვსურს კლუბის სახელით მადლობა გადავუხადოს შოთას და პიტერს გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატებები უსურვოს მათ მომავალში“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ არველაძე მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. „ჰალ სიტიმ“ ჩემპიონატში ზედიზედ ოთხი მარცხი განიცადა და 11 ქულით მე-18 ადგილს იკავებს.