ტრაგიკომედია „ხელშეუხებლები“, რომელსაც რეალური ისტორია დაედო საფუძვლად, 10 წელიწადში კინოკლასიკად იქცა და დღემდე ყველაზე პოპულარულ ფრანგულ ფილმად ითვლება - Palitra News

ტრაგიკომედია „ხელშეუხებლები“, რომელსაც რეალური ისტორია დაედო საფუძვლად, 10 წელიწადში კინოკლასიკად იქცა და დღემდე ყველაზე პოპულარულ ფრანგულ ფილმად ითვლება

2022-09-30 10:49:42+04:00

ოლივიე ნაკაშისა და ერიკ ტოლედანოს ერთობლივი ნამუშვარი - ტრაგიკომედია „ხელშეუხებლები“, რომელსაც რეალური ისტორია დაედო საფუძვლად და მაყურებლის მოწონებასთან ერთად, ბევრისთვის მოულოდნელად კრიტიკის აღფრთოვანებაც დაიმსახურა, პრაქტიკულად 10 წელიწადში იქცა კინოკლასიკად და დღემდე ყველაზე პოპულარულ ფრანგულ ფილმად ითვლება.

მეტიც, სწორედ „ხელშეუხებლებმა“ მოუტანა მანამდე ნაკლებად ცნობილ კომიკოსს ომარ სის აღიარება, მის პარტნიორს, ბევრად გამოცდილ ფრანსუა კლუზოს კი, ძველი პოპულარობა და 1990-იანი წლების ფრანგული კინოს ვარსკვლავის სტატუსი დაუბრუნა. მართალია, 2012 წელს საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში ნომინირებული „ხელშეუხებლები“ ამერიკული კინოაკადემიის ე.წ. შორტლისტშიც ვერ მოხვდა, მაგრამ არანაკლებ პრესტიჟული პრიზები მოიპოვა BAFTA-ს, „ოქროს გლობუსის“, „სეზარისა“ და საერთაშორისო პრეს-აკადემიის პრემიის „თანამგზავრის“ ჩათვლით.

მდიდარი ბიზნესმენი, ფრანგი არისტოკრატი ფილიპ პოცო დი ბორგო, რომელიც პარაპლანით მარცხიანი ფრენის შემდეგ ერთიანად პარალიზებული მიეჯაჭვა ინვალიდის სავარძელს, უიმედოდ ცდილობს თანაშემწის მოძიებას, რომელიც ჩვეულებრივი მომვლელისგან განსხვავებით არა უბრალოდ იზრუნებს მასზე, არამედ სიბრალულის გარეშე გაუწევს კომპანიონობას.

პროფესიული გამოცდილების მქონე უამრავი პრეტენდენტის მიუხედავად, რომელთაც შეძლებული ბიზნესმენის მეურვეობის სურვილი გამოთქვეს, ფილიპი მაინც თავხედი და ვულგარული, უხეში და უტაქტო მარგინალის - დრისის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, რადგან სწორედ ის მიაჩნია იდეალურ თანაშემწედ. მსგავსი პატივის მიუხედავად, სულ სხვა გეგმები აქვს თავად შავკანიან ახალგაზრდას, რომელიც საპატიმროდან ახლად გამოსული არა სამსახურის მოძიებას, არამედ დამქირავებლის უარის მიღებას ცდილობს, რათა უმუშევრის შემწეობა მოიპოვოს და „სუფთა სინდისით“ გააგრძელოს უდარდელი ცხოვრება. თუმცა, სახლიდან გაძევების შემდეგ, ქუჩაში დარჩენილი დრისი, რომელიც მანამდე ნაკლებად იწუხებდა თავს მუშაობით, საბოლოოდ მაინც იძულებული ხდება მიიღოს ბიზნესმენის შეთავაზება.

არაკომპეტენტურობის და გამოუცდელობის მიუხედავად, დრისი მაინც ბრწყინვალედ ერგება კომპანიონის როლს და იმ ხალისით, სიმსუბუქითა და ავანტიურიზმით ავსებს ფილიპის ცხოვრებას, რომელსაც ყოველთვის ნატრობდა. განსხვავებული სოციალური სტატუსის მიუხედავად, შეძლებული არისტოკრატი და პარიზის გეტოს ბინადარი არა მხოლოდ საერთო ენას პოულობენ, არამედ საუკეთესო მეგობრებიც ხდებიან. მეტიც, სწორედ დრისი ეხმარება ფილიპს პირადი პრობლემების მოგვარებაში, როცა მისი ხანგრძლივი მიმოწერის შესახებ გებულობს ქალთან, ვისთან შეხვედრას წელიწადზე მეტია გაურბის. ფილიპის წყალობით იცვლება თავად დრისიც, რომელიც თავშეკავებას, კარგ მანერებს სწავლობს და კონფლიქტს აგვარებს საკუთარი ოჯახის წევრებთან.

მართალია, ფილმის გადაღება რეჟისორებს რეალურმა ისტორიამ შთააგონა, რადგან სწორედ ასე დამეგობრდნენ წარჩინებული ფრანგული გვარის წარმომადგენელი ფილიპ პოცო დი ბორგო და ალჟირელი ემიგრანტი სელუ ებდელი, რაც მოგვიანებით ორივემ საკუთარი ინტერპრეტაციით აღწერა ავტობიოგრაფიულ რომანში, მაგრამ ეკრანული ისტორია მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალურისგან, რადგან სინამდვილეში აბდელი ფილიპთან ერთად მის სიმსივნით დაავადებულ მეუღლესაც უვლიდა, რომლის გარდაცვალების შემდეგ პარალიზებულ არისტოკრატს არა მხოლოდ საკუთარ უუნარობასთან, არამედ მძიმე დეპრესიასთანაც მოუწია გამკლავება.

რეალური ალჟირელი აბდელი ფილმში შავკანიანმა დრისმა ჩაანავცლა, რომელიც ომარ სიმ განასახიერა და პუბლიკის მოწონებაც დაიმსახურა. კრიტიკოსებმა პირველ რიგში მის თვითმყოფად კოლორიტს, ბუნებრივ უშუალობას გაუსვეს ხაზი და ის კოლოსალური შრომა აღნიშნეს, რომელიც მსახიობმა გასწია. თუმცა, მონდომება სრულად ანაზღაურდა, რადგან სწორედ „ხელშეუხებლების“ და ახალგაზრდა მარგინალის როლით დაიმსახურა სიმ რეჟისორების ყურადღება, რომელთაც კომიკოსს ამპლუას შეცვლა და დრამატულ კინოში გადანაცვლება შესთავაზეს, რასაც შესანიშნავად გაართვა თავი, როცა მთავარი როლები შეასრულა დრამაში „სამბა“ და ბაიოპიკში „შოკოლადი“.

რა თქმა უნდა, ნაკაშისა და ტოლედანოს ნამუშევარი ბრწყინვალე მაგალითია იმ გულწრფელი მეგობრობისა, რომელიც უკეთესისკენ ცვლის ადამიანებს და მათ ცხოვრებას, თუმცა ნამდვილად ვერ იქნებოდა ფილმი წარმატებული ერთგვარი ქვეტექსტისა და ფარული მინიშნებების გარეშე.

პირველ რიგში, საგულისხმოა თავად ფილმის სახელი „ხელშეუხებლები“, რომელიც ზუსტად ახასიათებს მთავარ გმირებს. ერთის მხრივ, ხელშეუხებლები - უმდაბლესი და უღარიბესი კასტაა ინდოეთში, რომელიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და დღემდე განიცდის პრივილეგირებული სოციალური ფენის დევნას და დამცირებას, მეორეს მხრივ, ხელშეუხებლებად ითვლებიან ელიტას მიკუთნებული არისტოკრატები და შეძლებულები, რომლებიც ძალაუფლებითა და მატერიალური კეთილდღეობით განებივრებულები ყოველთვის ქედმაღლურად დაჰყურებენ რიგით მოკვდავებს. რა თქმა უნდა, მათ საზოგადოებაში მოხვედრა რთულია, მით უფრო საფრანგეთში, სადაც განსაკუთრებით თვალშისაცემია კონტრასტი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებსა და მათ ცხოვრების წესს შორის.

სწორედ რადიკალურად განსხვავებული, ზოგჯერ დაპირისპირებული სამყაროების ხაზგასასმელად მიმართეს ფილმის ავტორებმა ე.წ. შავ-თეთრად დაყოფის კარგად ნაცად ხერხს და ამავე მიზეზით ჩაანაცვლეს კანონიკური არაბი შავკანიანი სენეგალელი ემიგრანტით. თუმცა, ტრადიციული შავი და თეთრი ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მიანიშნებს კეთილსა და ბოროტზე.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ეპიზოდში დაპირისპირება პირდაპირი და აშკარაა ნებისმიერი ქვეტექსტისა და მინიშნების გარეშე. მაგალითად, სცენაში, როცა შავკანიანი დრისი ფილიპის მდიდრული სახლის ქათქათა თეთრ აბაზანაში შედის და დიდხანს ათვალიერებს გაოცებული. სიმბოლურია ცნობილი მუსიკალური ნაწარმოები Ave Maria-ც, რომლის ფონზე ავტორები თითქოს ეგებებიან რიგით მოკვდავს ოლიმპოს მთის ხელშეუხებელთა სამფლობელოში.

დრისის კრიმინალური, ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით დატვირთული გეტო ერთგვარი მინიშნებაა ღატაკ აფრიკულ ქვეყნებზე, მაშინ როცა ფილიპის მდიდრული სახლი უხვად გამოფენილი ფერწერული ტილოებითა და ანტიკვარული ნივთებით - მაძღარ, ყველაფრით უზრუნველყოფილ ევროპას სიმბოლიზირებს, რომელიც ზოგჯერ აშკარად, ზოგჯერ ფარულად, თუმცა ყოველთვის ხაზს უსვამს საკუთარ უპირატესობას. ამავე ალეგორიის სასარგებლოდ მეტყველებს არისტოკრატული გვარის შთამომავლის - ფილიპის ცხოვრების წესიც, მისი შეხედულებები და ფასეულობები, ფერწერით, პარაპლანერიზმით გატაცება და ინვალიდობაც კი, რომელიც თანამედროვე ევროპის უძრაობას, დაბნეულობას განასახიერებს.

დრისსა და ფილიპის სამყაროების შეჯახება სინამდვილეში მინიატიურული მოდელია იმ გლობალური შეჯახებისა, რომელსაც ძველი სამყარო განიცდის რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, რადგან ემიგრანტები სულ უფრო მასიურად აწყდებიან ევროპას, დაბნეულ ევროპელებს კი, წარმოდგენა არ აქვთ როგორ მოიქცნენ, როგორ შეხვდნენ ახალმოსახლეებს, ამიტომ მათი შეშფოთება, ზოგჯერ აღშფოთება ძალიან ჰგავს თავად ფილიპის და მისი ნათესავების რეაქციას დრისის ფამილიარობასა და თავხედურ გამოხდომებზე.

რა თქმა უნდა, რეალურ ცხოვრებაში მსგავსი შეჯახება მეტწილად კატასტროფით სრულდება, თუმცა ფილმში ის ახლის საწყისია, რადგან საბოლოოდ ორივე გმირი პოულობს საკუთარ ბედნიერებას. სხვათა შორის, ფილმის იდეას ბრწყინვალედ გამოხატავს მისი სლოგანი, რომელიც ამტკიცებს, რომ „ზოგჯერ უცხო სამყაროშიც საჭიროა შეჭრა, რათა უკეთ დაინახო რა აკლია საკუთარს“.

აღსანიშნავია, რომ „ხელშეუხებლების“ მთავარი იდეის მსუბუქად, ზედმეტი დრამატიზმისა და სოციალური თემებით დამძიმების გარეშე გადმოცემა არა იმდენად რეჟისორების, რამდენადაც თავად ფილიპ პოცო დი ბოგოს დამსახურებაა, რომელმაც დაჟინებით მოსთხოვა ავტორებს ფილმის არა დრამის, არამედ კომედიის ჟანრში გაკეთება. მისმა სიჯიუტემ გაამართლა, რადგან მართალია, „ხელშეუხებლები“ რამდენიმე აშკარად ვულგარული ეპიზოდით სცოდავს, მაგრამ შეუძლებელია მისი კომიკური შემადგენლის უგულებელყოფა, მით უფრო, რომ იუმორი არა მწვავე და უხეში, არამედ მსუბუქი და საოცრად ბუნებრივია. ამასთანავე, რეალური ისტორიის უცვლელად, შერბილების გარეშე ეკრანზე გადატანით, ფილმი ბევრად მძიმე და პირქუში გამოვიდოდა.

მართალია, ფილმის ფინალი მის შესავალს - პოლიციის დევნის ეპიზოდს დუბლირებს, როცა დრისი ისევ უპასუხისმგებლოდ, ზედმეტად თავხედურად იქცევა, მაგრამ აშკარაა, რომ მან უკვე განიცადა ის გარდატეხა, რამაც ცხოვრების შეცვლა აიძულა, თუმცა შეიცვალა არა მხოლოდ დრისი, არამედ ფილმის ყველა პერსონაჟი - მისი ოჯახის წევრების, ფილიპის მოსამსახურე პერსონალის, ქალიშვილისა და მისი მეგობარი ბიჭის ჩათვლით, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორედ მათი ტრანსფორმაციით შეჯამდა ფილმი ფინალურ ეპიზოდში.

წლის ყველაზე პოპულარულ ფილმად დასახელებულმა „ხელშეუხებლებმა“, რომლის ევროპულმა აუდიტორიამ რამდენიმე კვირაში შეადგინა 20 მილიონი, მოგებამ მსოფლიო გაქირავებაში კი 445 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ყველაზე შემოსავლიან ფრანგულ ფილმად იქცა და უკან ჩამოიტოვა ლიუკ ბესონის „მეხუთე ელემენტი“ თავისი 263 მილიონით.

საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი „ხელშეუხებლები“ არა მხოლოდ პუბლიკისთვის, არამედ უცხოელი კინომწარმოებლებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. ფრანგული ისტორიის საკუთარი ვერსია დადგეს ინდოელებმა, რომელთაც ფილმს „მეგობარი“ (Thozha) დაარქვეს და ტრადიციული ცეკვებით, სიმღერებით, უკონტექსტო სასიყვარულო ინტრიგებით დატვირთეს და თითქმის 3 საათამდე გაჭიმეს,

არგენტინელებმა კი, მხოლოდ სოციალურ ქვეტექსტზე უარის თქმით, პრაქტიკულად კადრული თანამიმდევრობით გაიმეორეს ევროპელი კოლეგების ნამუშევარი და სათაურიც მსგავსი შეურჩიეს, რადგან საკუთარ ნამუშევარს „განუყოფლები“ (Inseparables) უწოდეს.

რა თქმა უნდა, დანარჩენებს არ ჩამორჩნენ არც კეთილი ზღაპრების და ოპტიმისტური სოციალური გზავნილების მოყვარული ამერიკელები, რომლებიც ყოველთვის შესაშური ოპერატიულობით იტაცებენ ევროპელების იდეებს და მშობლიურ ჰოლივუდურ სტანდარტებს მორგებით აბსოლუტურად უკარგავენ პირვანდელ ორიგინალურობას.

მართალია, ნილ ბერგერის დრამატული კომედია „დადებითი მხარე“ (The Upside) მონდომებით ჰბაძავს ფრანგულ ორიგინალს, მაგრამ მაინც გაზარმაცებული ამერიკელი მაყურებლისთვის შექმნილი, ფერმკრთალი ასლის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამასთანავე, გაუგებარია რატომ გაძლიერდა ივონა პენდლეტონის გმირი მეორე პლანის სხვა პერსონაჟების შესუსტების ხარჯზე. შესაძლოა, პროდიუსერებს ნიკოლ კიდმანის გულის მოგება სურდათ ან მისი წყალობით სცადეს მაყურებლის მიზიდვა, თუმცა მცდელობამ არ გაამართლა, რადგან ვასკვლავური სტატუსის მიუხედავად, მსახიობმა მაინც ვერაფერი შემატა ფილმს.

ფრანსუა კლუზო ამერიკულ ვერსიაში სერიალის „მძიმე დანაშაულის“ ვარსკვლავმა ბრაიან კრენსტონმა ჩაანაცვლა, რომელმაც განსაკუთრებული ბონუსების გარეშე განასახიერა პარალიზებული ფილიპ ლაკასო, ომარ სის უშუალობის გამეორება კი, შავკანიანმა მსახიობმა კევინ ჰარტმა სცადა, თუმცა მისი დელ სკოტი ბევრად პრიმიტიული, ეპიზოდურად გამაღიზიანებელი გამოვიდა სტენდაპ-კომიკოსის მოცვეთილი ხუმრობებით, რომელთა მოსმენა ამერიკულ პუბლიკასაც დიდი ხანია მოჰბეზრდა.