საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული და საგანგაშო არ აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფამაგუსტას ანორთოსისის პრესსამსახურის უფროსმა დიმიტრის ხრისტოფორუმ დაადასტურა.
"გიორგი ლორიას შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერია. ის ეცდება დღეს ივარჯიშოს და შემდეგ მწვრთნელი შეაფასებს სიტუაციას, ათამაშოს თუ არა აეკ-თან მატჩში", - აღნიშნა მან.
ლორიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რამაც სერიოზული დაზიანება არ აჩვენა და ვარჯიშის უფლებაც მისცეს. მან ტრავმა გიბრალტართან შეხვედრაში, პირველი ტაიმის მიწურულს მიიღო და შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.
36 წლის ქართველ კიპერს პრობლემა მუხლზე ჰქონდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დაზიანება სერიოზული არაა და სავარაუდოდ, მაქსიმუმ ერთი თამაშის გამოტოვება მოუწევს.
საქართველოს ნაკრების მეკარემ მიმდინარე სეზონში ანორთოსისის რიგებში 4-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაუშვა. ფამაგუსტელები კვიპროსის ჩემპიონატში 7 ქულით მე-7 ადგილზე არიან.