2023 წელს ლიეტუვაში ელექტროენერგიაზე ტარიფი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის შესაძლოა, 2-ჯერ გაძვირდეს და ერთ კვტ-ზე 0,64 ევრო შეადგინოს, ხოლო იგივე სამომხმარებლო სექტორის გაზის საფასური შესაძლოა, 3-ჯერ გაიზარდოს 4,14 ევრომდე ერთ კუბურ მეტრზე. ამის შესახებ პროგნოზს ლიეტუვის ენერგეტიკის მარეგულირებელი სახელმწიფო კომპანია აკეთებს.
აღნიშნული მონაცემები ლიეტუვის პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა წარადგინა. თანაც ამ პროექტში არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო სუბსიდიები მოსახლეობისთვის, რომელსაც ლიეტუვის ხელისუფლება იანვრიდან ჰპირდება, თუმცა ჯერ არ დაუკონკრეტებია, როგორი იქნება ის.
ლიეტუვის პრემიერის განცხადებით, სუბსიდიებისთვის ლიეტუვას 1 მლრდ ევრო დასჭირდება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი 1,3 მლრდ ევროს პროგნოზირებდა, ხოლო თუ არსებული დენის ფასი 24 ევროცენტი 1 კვტ-ზე შენარჩუნდება, მაშინ სუბსიდიაზე 1,6 მლრდ ევრო უნდა გამოყონ.