ბელარუსის სახელმწიფო დღემდე არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში „ვიზიტს“ ეხმაურება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ აფხაზეთში ე.წ. ვიზიტის შემდეგ რიტორიკა შეარბილა და საკუთარ გვერდზე ე.წ. ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ „ის იყო ჩასული შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე და ისტორიული ადგილები მოინახულა“.
„შეფასებები გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმაღლეს დონეზე. ჩვენი მხრიდან ე.წ. „ვიზიტს“, ვიზიტად ბუნებრივია, ვერ შევაფასებთ - მის ჩასვლას აფხაზეთში, შეფასდა როგორც ძალიან არამეგობრული და არასწორი ნაბიჯი, ამასთან დაკავშირებით ცალსახაა ჩვენი პოზიცია. ასევე, დაირღვა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს არის ძალიან სამწუხარო და მძიმე ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. მთავარი აქ ჩვენთვის არის ის, რომ უკიდურესი წითელი ხაზი არ გადაიკვეთოს, ბუნებრივია ეს არის დაკავშირებული არაღიარების პოლიტიკასთან.
ბელარუსის სახელმწიფო არ აღიარებს დღემდე აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას, როდესაც საუბარია თუნდაც რეაქციაზე.
დღეს საკმაოდ საინტერესო სათაურით გამოქვეყნდა თავად ლუკაშენკოს გვერდზე მისი ე.წ. ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია, იქ ეწერა, რომ ის იყო ჩასული შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, აფხაზეთში ვიზიტს კი არ უწოდებს. თავიდან იყო საუბარი აფხაზეთში ვიზიტზე, რაც მისი მხრიდან იყო თუ არ ვცდები ნათქვამი და ამის შემდეგ შერბილებულია უკვე ეს სათაური და საუბარია იმაზე, რომ ჩავიდა არა აფხაზეთში, არამედ შავი ზღვის სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა. ეს ჟესტია თავისთავად რაღაცის მანიშნებელი, იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ რეაგირება უკვე მოჰყვა და ბელარუსის ელჩის დაბარებით და უმაღლეს დონეზე გაკეთებული პრინციპული განცხადებების სახით.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიზანი, ბელარუსის სახელმწიფომ არ აღიაროს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა, ხოლო ოპოზიცია ამის საწინააღმდეგო ნაბიჯებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას.
„მოჰყვა უკვე რეაგირება. ერთი ეს იყო უმაღლეს დონეზე გაკეთებული ძალიან პრინციპული განცხადებები და მეორე იყო ელჩის დაბარება, რაც არის ძალიან მკაცრი დიპლომატიური ნაბიჯი, ეს რეაგირება უკვე იყო უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან და მეორე ნაწილი არის ის, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ იყოს აღიარებული ბელარუსის სახელმწიფოს მიერ. ამისათვის იდგმება ის ნაბიჯი, რის საპირისპირო ნაბიჯებისკენაც მოგვიწოდებს ოპოზიცია. ოპოზიცია მოგვიწოდებს ისეთი რეაგირებისკენ, რომელიც იქნება მიმართული სწორედ აღიარებისკენ და ჩვენ გვაქვს საპირისპირო მიზანი. ოპოზიცია ას აქვს მიზანი, რომ რაღაცნაირად უზრუნველყოს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ბელარუსის მიერ. აქეთკენაა მიმართული მათი ყველა ინიციატივა და პროვოკაციული მოწოდებები. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მზიანი, რომ ბელარუსმა არ აღიაროს ეს ე.წ დამოუკიდებლობა და ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ნაცვლად“ მათი ოპონენტები რომ იყვნენ, მათი საქმიანობის შედეგი აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება იქნებოდა.
„რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, პირდაპირ შემიძლია ერთი რამე ვთქვა, ისინი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, გარდა ბევრი სხვა უბედურებისა, მათი საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი იქნებოდა მათ შორის ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. იმ რიტორიკით, რა რიტორიკითაც ისინი დღეს მოქმედებენ, ყველანაირ უბედურებას დამართებდნენ ამ ქვეყანას. კრიტიკას როცა ეხება საქმე, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ფუნქცია არის კრიტიკა, მაგრამ სადღაც არსებობს ეროვნული ინტერესები და სადღაც არსებობს ამ კუთხით წითელი ხაზები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც გადაცემაში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, , „ქართულ ოცნებას“ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა აქვს.
„ჩვენ გვაქვს წარმატებული არაღიარების პოლიტიკა, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ოთხ ქვეყანას ჰქონდა აღიარებული ე.წ. დამოუკიდებლობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის და ეს ოთხი დარჩა ოთხად ანუ ათი წლის მანძილზე „ქართულო ოცნებას“ ჰქონდა ძალიან წარმატებული არ აღიარების პოლიტიკა. იმ პერიოდში როდესაც ჩვენ გვიწოდებდნენ პრორუსებს და ა.შ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებულ არაღიარების პოლიტიკას ვახორციელებდით. დღესაც ჩვენი ეროვნული ინტერესია წარმატებით გაგრძელდეს და ეს ოთხი არ გახდეს ხუთი, ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი.
როდესაც ოპოზიცია გამოდის ისეთი მოწოდებებით, რომელიც მიმართულია ამ ოთხის ხუტად გახდომისკენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არავითარი წითელი ხაზი არ აქვთ მათ შორის ისეთი წითელი ხაზი, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს საერთო ეროვნულ ინტერესებთან. როდესაც შენ ცდილობ, რომ ხელოვნურად შეუშალო ხელი არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას, ეს ნიშნავს იმას, რომ არავითარი ეროვნული შენ საერთოდ არა გაქვს.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.