ლოლაძეების ოჯახი ქართული პროდუქციის წარმოების ფერხულში ჯერ კიდევ 2012 წელს ჩაება, მას შემდეგ, რაც ძმებმა გიორგი და ერეკლე ლოლაძეებმა ღვინის კომპანია "ლოლაძის საოჯახო მეღვინეობა“ ჩამოაყალიბეს. მაღალი ხარისხის ღვინომ მომხმარებლების დაინტერესება მოკლე დროში შეძლო. ღვინის წარმატებით წარმოების შემდეგ კი, ლოლაძეების ოჯახში, 2018 წელს ახალი იდეა გაჩნდა. დაუღალავი შრომის და ბევრი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ კი, ეს იდეა მიზნად გადაიქცა. ასე ჩაეყარა საფუძველი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში ქვევრის ფორმის შოკოლადების წარმოებას.
„შოკოლადის ქვევრის“ იდეის ავტორებმა 2019 წლიდან კომპანია Mouth Melters Group-ი დააფუძნეს და ამავე ბრენდით განსხვავებული ფორმის შოკოლადის წარმოება აუთსორსზე დაიწყეს. Mouth Melters-ის შოკოლადის ქვევრზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ ძმებმა ლოლაძეებმა პირადი - 140 000 ლარის ინვესტიციით, სოფელ მისაქციელში ღვინის მარნის გვერდით, საკუთარი შოკოლადის სახელოსნოს ამოქმედება გადაწყვიტეს. 2022 წლის ივლისში გახსნილი საწარმო-სახელოსნო, წარმოების მაღალ სტანდარტებს პასუხებს.
ქვევრის შოკოლადის წარმოებისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის ნედლეულს ლოლაძეები, მსოფლიოში ცნობილ ბელგიური კომპანიისგან ყიდულობენ.
Mouth Melters-ის უმაღლესი ხარისხის შოკოლადმა უამრავი მომხმარებლის გული მოიგო, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ქვევრის ფორმის შოკალადების წარმოების პროცესში ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო როლს, ლოლაძეებიც დედა ასრულებს. ლალი ჩახვაშვილი, პროფესიით ფიზიკოსი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია. პანდემიის გამო ლექციებს დისტანციურად ატარებდა. შესაბამისად, თავისუფალი დროის გამო, გადაწყვიტა, რომ თავისი პროფესია შოკოლადის წარმოების ტექნილოგიებშიც გამოეყენებინა. სწორედ მისი დამსახურებაა mouth melters-ის შოკოლადის გამორჩეული გემო.
ლოლაძეების ოჯახის მიერ სიყვარულით დამზადებული შოკოლადის ქვევრი სულ უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება მომხმარებლებში. სწორედ ამიტომ, Mouth Melters group-ის სამომავლო გეგმებში, ასორტიმენტის და წარმოების გაფართოებაა. შოკოლადის ქვევრი, შესაძლოა, მალე, ექსპორტზეც გავიდეს, უცვლელი წარწერით - Made in Georgia