საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ 2014 წელს დააფუძნა მსოფლიოში სახელგანთქმულმა ქართველმა მეცოსოპრანომ, ნინო სურგულაძემ. მას შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებასთან, საელჩოებთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობის, ასევე ტელემარათონების გამართვის შედეგად ასობით ბავშვს აუცილებელი ოპერაციები დაუფინანსდა.
ამჯერად ნინო სურგულაძემ იტალიელ მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა, ტელემარათონი ქართველი და უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გაემართა. პროექტს მხარი დაუჭირა იტალიის საელჩომ, საქართველოს კულტურის სამინისტრომ და თბილისის მერიამ. ასევე სხვადასხვა კერძო კომპანიამ, მათ შორის „სოკარმა“, რომელიც „ნატვრის ხესთან“ წლებია თანამშრომლობს და ასევე ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ, საკმაოდ მსხვილი შემოწირულობით.
27 სექტემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საღამოს ათი საათიდან ამაღლებული განწყობა იყო – ტელეფონები 0901900999-ზე დასარეკად მომარჯვებული ჰქონდათ როგორც დარბაზში მსხდომ სტუმრებს, ასევე „რუსთავი 2“-ის მაყურებლებს, რადგან სწორედ ამ ტელევიზიის ღია ეთერში გადაიცემოდა ღონისძიება.
სპეციალურად საქველმოქმედო ღონისძიებისთვის, თბილისის ოპერის ორკესტრთან თანამშრომლობისთვის თბილისში ჩამოვიდა მაესტრო ჯუზეპე საბატინი, რომელმაც მაყურებელი საკუთარი ვოკალური შესაძლებლობებითაც აღაფრთოვანა, როდესაც ნინო სურგულაძესთან ერთად „ნათლიმამადან“ შესანიშნავი კომპოზიცია შეასრულა, ნინო როტას მიერ დაწერილი მელოდიის დუეტში გაჟღერების შემდეგ მათ ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
გამორჩეული იყო მომენტი, როდესაც ცნობილი მხატვრის, ლევან სონღულაშვილის ახალი ტილო „არ შემეხო“ დიდ მონიტორზე გამოისახა, ხოლო ნინო სურგულაძემ უკრაინული სიმღერა აკაპელაში შეასრულა…
სოპრანო ბარბარა ფრიტოლი, ტენორი კარლოს ვენტრე, ბარიტონი სიმონე პიაცოლა, პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი – ამ ხელოვანების ერთობლივმა თუ სოლოშესრულებებმა დარბაზში მსხდომი მაყურებელი გულგრილი არ დატოვა… განსაკუთრებული იყო Nessum Dorma, რომელიც ტენორმა კარლოს ვენტრემ წარმოგვიდგინა და მქუხარე ტაშის ფონზე დაასრულა საკუთარი ბრწყინვალე შესრულება…