უკრაინის ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის იძულება, იარაღის ლულის ქვეშ რაღაც ქაღალდები შეევსოთ კიდევ ერთი დანაშაულია, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დროს ჩაიდინა. ასეთი ქმედებები სასტიკად არღვევს უკრაინის კონსტიტუციასა და კანონებს, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რითაც უწყება ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. „რეფერენდუმებს“ ეხმიანება.
„ამ სპექტაკლს არავითარი კავშირი არ აქვს ნების გამოვლენასთან და არანაირ ზეგავლენას არ ახდენს უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ სისტემაზე და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე. უკრაინა და საერთაშორისო თანამეგობრობა გმობენ რუსეთის მსგავს ქმედებებს და მათ გაუქმებულად და უსარგებლოდ მიიჩნევენ.
უკრაინის ყველა მოქალაქეს, ვინც რუს ოკუპანტებთან ერთად მონაწილეობდა ამ აქტების ორგანიზებაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის დებულებების შესაბამისად.
ლუგანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის ოლქები, უკრაინის ყირიმის მსგავსად, რჩება უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებად. უკრაინას აქვს სრული უფლება აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო და დიპლომატიური საშუალებებით და გააგრძელებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას. უკრაინა არასოდეს დათანხმდება რუსულ ულტიმატუმებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს ევროკავშირს, ნატო-სა და „დიდ შვიდეულს“ დაუყოვნებლივ და მნიშვნელოვნად გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, მათ შორის ახალი მკაცრი სანქციების დაწესებით და მნიშვნელოვნად გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.