თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ არსებულ 70 მეტრიან გვირაბში მგზავრთა გადასვლა ფიზიკურად შეუძლებელია. კალაძემ ვიცე-მერს, ასევე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს დაავალა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყონ, რათა ეს ყველაფერი მოწესრიგდეს.
„გვაქვს ასევე ძალიან დიდი პრობლემა „სადგურის მოედანთან“, სადაც ორი ხაზი ერთმანეთს უკავშირდება. იმ 70 მეტრიან გვირაბში, სადაც ხდება ადამიანების გადასვლა, წარმოადგენს უდიდეს პრობლემას. ფიზიკურად გავლა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს და დეტალურად ვიცით არსებული პრობლემის შესახებ. მე მინდა დავავალო ვიცე-მერს, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს, რომ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. პირველად შეიძლება სატესტო რეჟიმში გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები ნაკადების მართვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა დედაქალაქის მთავრობის წევრებს, რათა ჩართონ ექსპერტები, დარგის სპეციალისტები ნაკადების მართვის თვალსაზრისით.