საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.