საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სლოვაკეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს მაროს ზილინკას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სლოვაკელ კოლეგას საქართველოს პროკურატურის სისტემის ძირითად ფუნქციებზე, მუშაობის სპეციფიკასა და უწყების საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.
„სლოვაკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი მაროს ზილინკა საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.
საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მასპინძლობს.
თბილისში, მიმდინარე პროკურორთა საერთაშორისო ოთხდღიან კონფერენციას 65 ქვეყნის 400 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან” - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს დაარსდა და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს აერთიანებს. საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყება, ასევე ინდივიდუალური წევრი პროკურორები.