საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
Transfermarket-ის თანახმად, წინა, 5 მაისის მონაცემებით, 21 წლის მარცხენა ფლანგელის ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენდა, 27 სექტემბრის განახლებული მონაცემებით კი 20 მილიონი ევროთია მომატებული.
საქართველოს ნაკრების შვიდიანი "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ წარმატებულ თამაშს განაგრძობს და მიმდინარე სეზონში მან იტალიის ჩემპიონატის 7 თამაშში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა, ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 19 შეხვედრაში კი მის ანგარიშზე 10 გოლია.
ერთა ლიგის მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე, რომელზე ასპარეზობაც საქართველომ 16 ქულით და ჯგუფში პირველი ადგილით დაასრულა, ქართველმა ფეხბურთელმა 5 გოლი გაიტანა, რაც "მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელი ვარსკვლავის, ერლინ ჰოლანდის შემდეგ მეორე საუკეთესო შედეგია.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია. რეიტინგში მას მოსდევენ გიორგი მამარდაშვილი (20 მლნ ევრო), საბა ლობჟანიძე (4.3 მლნ ევრო), დავით ხოჭოლავა (3 მლნ ევრო) და გიორგი მიქაუტაძე (2.2 მლნ ევრო).
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია ჯერ ყაზანის "რუბინიდან" ბათუმის "დინამოში", ხოლო შემდეგ, ბათუმის "დინამოდან" იტალიურ "ნაპოლიში" გადავიდა 10 მილიონი დოლარის სანაცვლოდ.