არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი დაასახელეს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადებით, მესამე სექტორის დასახელებული კანდიდატები არიან: მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა აბაშიძე და „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.
როგორც ბაია პატარაიამ აღნიშნა, კანდიდატების შესარჩევად არაერთი კრიტერიუმის გათვალისწინება გახდა საჭირო.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანს ჰქონოდა უფლებადაცვით საქმიანობაში 5 წლის გამოცდილება. ის არ უნდა ყოფილიყო პარტიული, არც ამჟამად და ბოლო 5 წლის განმავლობაში მას არ უნდა დაეკავებინა რაიმე პოლიტიკური თანამდებობა ან ყოფილიყო რომელიმე პარტიის წევრი. ჩავატარეთ სხვადასხვა პროცედურები, მათ შორის კენჭისყრა და შეირჩა 3 კანდიდატი. ესენი არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირები და ადამიანის უფლებათა დაცვაში ცნობილი ადამიანები. ესენი არიან- ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი“, - განაცხადა პატარაიამ.