იაპონიაში რუსეთის ელჩი, მიხაილ გალუზინი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ვლადივოსტოკში იაპონიის კონსულის დაკავებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადასცეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო საქმეთა მინისტრ იოშიმასა ჰაიაშიზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განაცხადებით, რუსეთმა დაარღვია ვენის კონვენცია და მისი ნაბიჯი „სრულიად მიუღებელია“.
იოშიმასა ჰაიაშის განცხადებით, ტოკიომ რუსული მხარისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა რადგან დაკავებული დიპლომატი არასოდეს ყოფილა ჩართული არანაირ უკანონო ქმედებებში.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, იაპონელი დიპლომატი აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან რუსეთის თანამშრომლობის მიმდინარე ასპექტების, დასავლეთის სანქციების პოლიტიკის ზეგავლენის და საზღვაო ტერიტორიაზე არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე საიდუმლო ინფორმაციის მიღებისას დააკავეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ დაკავებული იაპონელი დიპლომატი მოტოკი ტაცუნორი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და რუსეთის ტერიტორიის დატოვებისთვის 48 საათი მისცეს.