ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მობილიზაციის ფარგლებში, რუსული მე-4 სამხედრო ბაზის წარმომადგენლები ცხინვალის მცხოვრებლებს სამობილიზაციო უწყებებს გადასცემდნენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მე-4 სამხედრო ბაზა ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2010 წლის 7 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მდებარეობს და „მისი უფლებამოსილება არ მოიცავს კარდაკარ შემოვლებს და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეების გამოძახებას“.
„მოგეხსენებათ, 21 სექტემბრიდან რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, მაგრამ ეს სამხრეთ ოსეთს არ შეეხო. ამასთან, სამხრეთ ოსეთში სამობილიზაციო ღონისძიებები და ზოგადად მობილიზაცია არ იგეგმება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ერთ-ერთმა ტელეგრამის არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ბაზის წარმომადგენლები ახორციელებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში „კარდაკარ ვიზიტებს და უწყებებს გადასცემენ მოსახლეობას“.