ქართული ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო სეზონი თითქმის დასრულდა. EastFruit-ის სპეციალისტებმა ივნისიდან აგვისტომდე ექსპორტზე გატანილი ხილის მონაცემები შეაფასეს.
მიმდინარე სეზონზე საქართველომ 25 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გაიტანა, რაც წინა სეზონის მაჩვენებელზე 5 ათასი ტონით ნაკლებია. გასული სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოდგა მეზობელი ქვეყნებიდან დიდი მოთხოვნის გამო.
მთავარი საექსპორტო მიმართულება 2022 წელსაც კვლავ რუსეთი იყო, მას სომხეთი მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ფასები კილოგრამზე 1,10 დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა სეზონთან შედარებით 20%-ით მეტია. ზრდის ძირითადი ფაქტორები იყო: დიდი მოთხოვნა რუსეთის მხრიდან და ტრანსპორტის ხარჯების გაზრდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები ივნისიდან აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. უნდა ითქვას, რომ გარკვეული ექსპორტი სექტემბერშიც ხდება, თუმცა მოცულობა ამ დროს მცირეა.