ქუთაისის აეროპორტი 2023 წელს სავარაუდოდ, მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტი 2 კვირის განმავლობაში დაიკეტება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაციის გამო. მიმდინარე წელს ასევე გაფართოვდა და 6-ჯერ გაიზარდა ქუთაისის ტერმინალი, რადგან მოთხოვნა იყო გაზრდილი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 534 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. არსებობის მანძილზე ყველაზე მეტი მგზავრი აეროპორტს 2019 წელს ჰყავდა, როცა მისით 874 ათასმა მგზავრმა ისარგებლა. ამ ეტაპზე აეროპორტში 6 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.