რუსეთში მზესუმზირის ზეთისა და შროტის საექსპორტო გადასახადი ოქტომბერში ნულოვანი იქნება. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი. ამჟამად ზეთზე გადასახადი ტონაზე 8 621 რუბლს, ანუ 148 დოლარს შეადგენს.
გადასახადების განულება საორიენტაციო ფასების შემცირებას უკავშირდება. ზეთის საორიენტაციო ფასებმა ტონაზე 1 244 დოლარი შეადგინა, რაც ერთი თვით ადრე 1 583 დოლარი იყო. რუსეთში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტოს პერიოდისთვის მზესუმზირის ზეთზე, ხოლო 1-ლი მაისიდან 31 აგვისტომდე შროტზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი შემოიღეს.
ზაფხულში ფედერაციის მთავრობამ მზესუმზირის ზეთის, შროტისა და მზესუმზირის მარცვლებზე საექსპორტო გადასახადის ვადა კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა, ხოლო ზეთსა და შროტზე ამ გადასახადების გამოთვლა დოლარიდან რუბლებზე გადაიტანა. დადგენილების თანახმად, რუბლებზე გადასვლის ფარგლებში, მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადის გაანგარიშების საბაზისო ფასმა ტონაზე, 1 000 დოლარის ნაცვლად 1 415 დოლარი შეადგინა.
საექსპორტო გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ზეთის მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ზეთის 80%-ზე მეტი სწორედ რუსეთზე მოდიოდა.