პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მეორე მოადგილეს და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს ბრიუს შვარცს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორი სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებობს. ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას საქართველოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების მიერ შეტანილი წვლილისთვის და დღემდე გაწეული დახმარებისთვის. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.