34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ზედიზედ მე-2 ბაშო მინიმალური უარყოფითი ბალანსით (7 მოგება, 8 მარცხით) დაასრულა. თუკი წინა შემთხვევაში ის, წოდებაში დაქვეითებას გადაურჩა, ახლა მოსალოდნელია რომ მას მცირე უკუსვლა ელის. საინტერესოა, რომ აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას ტიტულის მქონე ტოჩინოშინს სექტემბრის სუპერტურნირის 12 დღის თავზე მხოლოდ 4 მოგება ჰქონდა, თუმცა, დასკვნითი ფაზა კარგად ჩაატარა და საბოლოო ჯამში, 7 გამარჯვება მოუგროვდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი სეკიტორის ყოჩაღობა აკი ბაშოს ბოლო დღეს, როდესაც ის იმ დროისთვის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონის იჩინოჯოს დაუპირისპირდა და იორიკირით მოიგო. კომუსუბის სტატუსით მოასპარეზე 29 წლის მონღოლთან სასურველი ჩავლება აიღო, მძლავრი მიძალება განახორციელა და დოჰიოს მიღმა გაიყვანა. აღნიშნული აკი ბაშოს ჩემპიონი 37 წლის მონღოლი ვეტერანი ტამავაში გახდა. იაპონიის სუმოს ასოციაცია განახლებულ რეიტინგს (ბანძუკე) 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს და სწორედ მაშინ შევიტყობთ თუ რამდენად დაქვეითდება ტოჩინოშინი.