საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ვებგვერდმა Sofascore-მ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში გიორგის თამაში 8.6 ქულით შეაფასა, რაც არა მხოლოდ C დივიზიონში, არამედ მთლიანად, ერთა ლიგის მე-5 ტურში მეკარეებს შორის ყველაზე კარგი მაჩვენებელი აღმოჩნდა. გიორგი ერთადერთი ქართველია, რომელიც სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანეს. ორ-ორი ფეხბურთელით მხოლოდ პორტუგალია და უკრაინა იყვნენ წარმოდგენილნი. სიმბოლურ გუნდში ქართველი კიპერო ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა, როგორებიც არიან: ბრუნო ფერნანდეში და კევინ დე ბრუინი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა, მამარდაშვილს კი 6 "სეივი" ჰქონდა. 21 წლის ქართველ მეკარეს საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით 308-წუთიანი მშრალი სერია აქვს. მან გოლები მხოლოდ სადებიუტო მატჩში (ბულგარეთთან) გაუშვა, მას მერე კი ნაკრებში გოლი გაშვებული აღარ აქვს.