საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ბოლო შეხვედრას სტუმრად დღეს გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გიბრალტარში 22 ფეხბურთელით გაემგზავრა. ნაკრებთან ერთად არ იმყოფრება გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აქვს და ბოლო ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ნაკრებმა პირველი ვარჯიში სტუმრად უკვე ჩაატარა. სამწვრთნელო პროცესის დაწყებამდე კი ჩვენი გუნდის თავკაცმა პრესკონფერენციაც გამართა. ვილი სანიოლის განცხადებით, ხვალინდელ მატჩში ცვლილებები იქნება.
ჩემი გეგმა ის არ არის, რომ ყველა მოთამაშეს თანაბარი სათამაშო დრო მივცე, ჩემი მიზანია, დავაყენო გუნდი, რომელიც კონკრეტულ მატჩში გაიმარჯვებს. "ახალი სისხლი“ ყოველთვის საჭიროა, ბუნებრივია, ცვლილებები ხვალინდელ მატჩშიც იქნება, მაგრამ ნუ ელით, რომ 11 მოთამაშიდან ყველას შევცვლი. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მამარდაშვილმა ითამაშა, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ იქამდე, ივნისის ოთხი მატჩიდან, სამ შეხვედრაში ნაკრების კარს ლორია იცავდა! ვიმეორებ, მამარდაშვილის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ხვალ ლორია ითამაშებს“-აცხადებს სანიოლი.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვს, თუმცა იმისთვის, რომ გუნდა პლეიოფის შინ თამაშის უფლება მოიპოვოს, ამისათვის გიბრალტართან გამარჯვება უმნიშვნელოვანესია. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენს ნაკრებს ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (8 მოგება და 2 ფრე), რითაც 2011 წელს დამყარებული რეკორდი განმეორდა.