ევროკავშირმა არ უნდა უგულებელყოს ვლადიმერ პუტინის მუქარა, რომ უკრაინის კონფლიქტში შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პუტინის მტკიცება, რომ „ეს ბლეფი არ არის“ სერიოზულად უნდა მიიღონ.
„რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსული არმია კუთხეშია მიმწყვდეული და პუტინის რეაქცია - ბირთვული იარაღის გამოყენებით მუქარა - ძალიან ცუდია“, - აღნიშნა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა ისე უნდა იქნას მიღწეული, რომ შენარჩუნდეს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ ომი, მაგრამ არ გვექნება მშვიდობა და გვექნება კიდევ ერთი ომი“, - განაცხადა ბორელმა.
მან ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, თავისი როლი შეასრულოს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მიღწევაში და აღნიშნა, რომ „ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო“.
„ყველა, ვინც წავიდა მოსკოვში, კრემლში პუტინთან სასაუბროდ, დაბრუნდნენ ერთი და იმავე პასუხით: „მე [პუტინს] მაქვს სამხედრო მიზნები და თუ არ მივაღწევ ამ სამხედრო მიზნებს, გავაგრძელებ ბრძოლას“. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი მიმართულებაა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.