ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი ორგანოსგან, „ადამიანის უფლებათა საბჭოსგან“, უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესწავლა აქვს დავალებული, განაცხადა რომ თავდაპირველი გამოძიების შედეგად ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომის დანაშაულების მტკიცებულებები გამოვლინდა. კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში აქცენტი ოთხ რეგიონზე: კიევზე, ჩერნიგოვზე, ხარკოვსა და სუმიზეა გაკეთებული.
დოკუმენტი ეყრდნობა ყოფილი დაკავებულების ჩვენებებს, რომლებიც საუბრობენ რუსეთის საპატიმრო დაწესებულებებში ცემის, ელექტროშოკის გამოყენებისა და იძულებითი გაშიშვლების შესახებ.
გაერო-ს ექსპერტები შეშფოთებას გამოხატავენ აღნიშნულ ოთხ რეგიონში სიკვდილით დასჯის ფაქტებთან დაკავშირებით.
„გაოგნებული ვიყავით სიკვდილით დასჯის ფაქტების დიდი რაოდენობის გამო იმ ადგილებში, რომლებიც ჩვენ მოვინახულეთ. კომისია ამჟამად იძიებს სიკვდილის მსგავს შემთხვევებს 16 ქალაქსა და დასახლებაში“, - განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა ერიკ მოსემ.
მისი თქმით, გუნდმა მიიღო ინფორმაცია „სიკვდილით დასჯის კიდევ ბევრ საქმესთან დაკავშირებით“ და ამჟამად ამ ბრალდებების დოკუმენტურად დადასტურება მიმდინარეობს. გამოძიების პროცესში ექსპერტები ესტუმრნენ 27 ქალაქსა და დასახლებას, ასევე საფლავები და დაკავებისა და წამების ცენტრებს, გამოიკითხა 150-ზე მეტი მსხვერპლი და მოწმე.
”შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, კომისია ასკვნის, რომ უკრაინაში ჩადენილია ომის დანაშაულები,” - აღნიშნა ერიკ მოსემ.
მისი თქმით, უკრაინაში რუსი ჯარისკაცების დაუზუსტებელმა რაოდენობამ სექსუალური ან გენდერული ძალადობის დანაშაული ჩაიდინა, მსხვერპლთა ასაკი 4-დან 82 წლამდე იყო. ამასთან, ჯგუფმა უკრაინული ძალების მხრიდან რუსი ჯარისკაცების მიმართ არასათანადო მოპყრობის ორი შემთხვევა გამოიკვლია.