სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატ დიმიტრი ღონღაძის განცხადებით, როგორც ადვოკატების, ასევე გოგაშვილის ოჯახის წევრების ავტომობილების დაყადაღებისა და ამოღების შესახებ საგამოძიებო უწყების მხრიდან ინფორმაცია არ ჰქონიათ.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შესაბამისი განჩინება 3 დღის წინ არის მიღებული, თუმცა ის ოჯახისთვის არ ჩაუბარებიათ და დაყადაღების პროცედურის დროს ავტომობილების დალუქვა არ მომხდარა.
„ქონების დაყადაღებისა და ამოღების შესახებ განჩინება მიღებული იყო 3 დღის წინ, ჩვენ სამი დღეა ამ განჩინების შესახებ არაფერი ვიცოდით, ოფიციალურად არ ჩაგვბარებია, რაც მიუთითებს, რომ პროცედურა ჩატარდა უკანონოდ. ასევე მივუთითეთ, რომ შედგა მხოლოდ ყადაღის ოქმი, ამოღების ოქმი არ შედგენილა და არ ვიცით ვინ წაიყვანა აღნიშნული ავტომანქანები, ან ვის ჩაბარდება. ამასთან, ყადაღის პროცედურა აუცილებლად გულისხმობს, რომ მოძრავი ნივთი იყოს დათვალიერებული და დალუქული. ნივთის დაყადაღება მოხდა დალუქვის გარეშე”, - აღნიშნა დიმიტრი ღონღაძემ.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლის, დავით მშვილდაძის განცხადებით, სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის უძრავ და მოძრავ ქონებას ყადაღა დაედო, რომელთა შორისაც საცხოვრებელი ბინები, მიწის ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღებია. მისივე თქმით, ყადაღის დადებისა და ამოღების პროცედურა თბილისთან ერთად, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში განხორციელდა.