თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული დეტექტივის, ერიკ წურწუმიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელი სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული.
პროკურატურას პროცესზე ერთი მოწმე ჰყავს წარმოდგენილი.
ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა.
წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.