მარკ ცუკერბერგმა წელს 72 მილიარდი დოლარი დაკარგა. 2022 წელი ტექნოლოგიური კომპანიებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის უაღრესად არასახარბიელო აღმოჩნდა. გლობალური საფონდო ბირჟების დაღმასვლის ფონზე, შემცირებულია თითქმის ყველა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, თუმცა მათ შორის ყველაზე უარესი შედეგი Facebook-ის მფლობელ კომპანია Meta Platforms-სა და მის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს აქვს.
ერთი წლის განმავლობაში ცუკერბერგის ქონების შეფასება დაახლოებით 72 მილიარდი დოლარით შემცირდა და მან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-4 ადგილიდან 22-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც ვარდნის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია.
ამერიკელი მეწარმისა და მისი ტექნოლოგიური კომპანიის დაღმასვლა რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი თავად კომპანია Meta-ს ფინანსურ შედეგს და მის მიმართ ინვესტორთა განწყობის გაუარესებას უკავშირდება.