საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ნერვიულობს, რამდენად შეძლებს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ხარჯებთან გამკლავებას და თვლის, რომ ფინანსები მის ცხოვრებას აკონტროლებს.
სებ-მა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის კვლევაა წარმოდგენილი. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილოა თავისი ფინანსური მდგომარეობით და ფიქრობს, რომ მისი ფინანსური სიტუაცია უზღუდავს შესაძლებლობას, აკეთოს მისთვის მნიშვნელოვანი საქმეები.
კვლევაში ასევე წერია, რომ ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით, გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს მოსახლეობის მხოლოდ 33 % ისახავს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო დეპოზიტზე დანაზოგი მოსახლეობის 11%-ს აქვს განთავსებული. 57% დანაზოგს სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს, 25% კი თანხას ოჯახის წევრებს ანდობს.