რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში გაზრდილმა მიგრაციამ უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. TBC Capital-ის თბილისის უძრავი ქონების ბაზრის უახლესი კვლევის თანახმად, აგვისტოში წლიურად დედაქალაქში ბინის დაქირავება თითქმის 80%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება გასაყიდ უძრავ ქონებას, მისი ფასი წლიურად დაახლოებით 27%-ით გაიზარდა და კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 999 დოლარს მიაღწია.
გაძვირებულია იჯარაც, რამაც წლიურად 60% შეადგინა. უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, რიგი კატეგორიის ფართების ქირავნობა თბილისში ფაქტობრივად შეუძლებელია. ფასი გაიზარდა უძრავი ქონების შეძენაზეც.
კომპანიები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ, საქართველოში მიგრანტების ახალი ნაკადის შემოსვლა გამოიწვიოს, რაც ფასებს კიდევ უფრო გაზრდის.
ინფორმაციისთვის, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის იანვრიდან 8 აგვისტომდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული ქონების რაოდენობა 3600-მდე იყო. ამასთან, სადეპუტატო კითხვის პასუხად იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ 2022 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში უძრავ ქონებას რუსეთის 22 719 რუსეთის მოქალაქე ფლობს.
ამასთან გაზრდილია ბინადრობის ნებართვების რაოდენობაც. მიმდინარე წლის 7 თვეში ასეთი დოკუმენტი რუსეთის 2017-მა მოქალაქემ მიიღო.